თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ევროლიგის მატჩში, სადაც „ცსკამ“ ბერლინის „ალბა“ 71:68 დაამარცხა.
შენგელიამ დაახლოებით 26 წუთი ითამაშა და ამ დროში 20 ქულა მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ შენგელია „ცსკას“ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ევროლიგის ზედიზედ მეორე მატჩში ხდება. გასულ კვირაში სტამბულის „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ თამაშში ქართველმა სპორტსმენმა 18 ქულა დააგროვა, თუმცა რუსულ კლუბს ამან მაინც ვერ უშველა და თურქულ კლუბთან წააგო (83:89).
თორნიკე შენგელია „ცსკა“-ში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. 29 წლის ქართველი ფორვარდის კონტრაქტი სამ წელზეა გათვლილი. ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი ერთ თამაშში შეადგენს 12.2 ქულას, 4.8 მოხსნას, 2.1 პასს, მისი ეფექტურობის კოეფიციენტია 13.