თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერთა მცირე ჯგუფის უფლებებს აფართოებს.
პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტში ოპოზიცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს მაქსიმუმ ცხრა დეპუტატით, რაც ზუსტად ცნობილი ჯერ კიდევ არ არის და დამოკიდებულია პარლამენტში შესვლის შესახებ „მოქალაქეების“ და „გირჩის“ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
შესწორებების თანახმად, ოპოზიციონერ დეპუტატებს ვიცე-სპიკერის, ასევე კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.
გარდა ამისა, დებატების დროს ან კანონპროექტის განხილვისას მათ ფრაქციისთვის დაწესებულ დროს გამოუყოფენ.
შესწორებების მიზეზი გახდა დამოუკიდებელი დეპუტატების შეზღუდული უფლებამოსილებები, რომელთაც დღემდე არა აქვთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში და დაიკავონ ხელმძღვანელი თანამდებობები.
ვინაიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, როგორც მოსალოდნელია, 2 თებერვალს დააკმაყოფილებს ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის უარს მანდატებზე, ოპოზიციური ფრთა პარლამენტში წარმოდგენილი იქნება „ევროპელი სოციალისტების“ ოთხი და, შესაძლოა, პარტია „მოქალაქეების“ ორი და პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ სამი დეპუტატით. ამასთან, პარტია „გირჩი“ ამ ეტაპზე არ აპირებს სხდომებში მონაწილეობას და აგრძელებს ბოიკოტს. არც „მოქალაქეებს“ გაუკეთებიათ განცხადება, თუ როდის შედიან პარლამენტში.
უფრო მეტი უფლებამოსილება?
შესწორებების განხილვისას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბეჟან კახაძემ კოლეგებს შესთავაზა, დამოუკიდებელ დეპუტატებს სამწევრიანი ფრაქციის შექმნისა და ბიუროს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცეთ.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ არსებობს კონსტიტუციის ჩარჩოები, რომლებიც მკაცრად განსაზღვრავს პარლამენტის ბიუროს შემადგენლობას, ასევე ფრაქციების შესაძლებლობებსა და შემადგენლობას.
პროექტის ავტორმა ლევან მგალობლიშვილმა კი აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებამოსილება შესაძლოა გაფართოვდეს რეგლამენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით ისე, რომ არ დაზარალდეს კონსტიტუცია.
„ჩვენ არ წავალთ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის ფრაქციების შესაძლებლობებს განსაზღვრავს, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობებზე გარკვეულ პირთა დანიშვნისას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რეგლამენტის ფარგლებში ოპოზიციონერებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის დამუშავდება და განსახილველად იქნება წარდგენილი.
რატომ „გაღარიბდა“ პარლამენტი
საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად 60 ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის 90 დეპუტატი მოხვდა. თუმცა ოპოზიციონერების უმრავლესობა დღემდე უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ამბობს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბდა.
პარლამენტში მოხვედრილმა დეპუტატებმა პარტიებიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს.
ექვსიდან ხუთმა სუბიექტმა გააუქმა პარტიული სიები, რათა თავიანთი პარტიებიდან უფრო ლოიალური წარმომადგენლებით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა მოესპო.
ერთადერთი, ვინც ეს არ გააკეთა, პარტია „პატრიოტთა ალიანსია“, რისი წყალობითაც პარლამენტში მათი ოთხი ყოფილი წარმომადგენელი მოხვდა. მათ „პატრიოტების“ ადგილები დაიკავეს და შექმნეს საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“.
პარლამენტის შემცირებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლის, კონსტიტუციური კანონების მიღებისა და მიწის შესახებ კანონის შეცვლის შესაძლებლობას უკარგავს.