COVID-19 - ბოლო ცნობები

PACE-ს სხდომაზე ქართული დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

სტრასბურგში 25 იანვარს გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომელიც 29 იანვრამდე გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე დღეს კოვიდპანდემიის საკითხებს და ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო კრიზისს განიხილავენ.

განხილვა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართება, რომლის მუშაობაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით.

ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

სტრასბურგში ამ თემებზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატები დილიდანაა დანიშნული.

ქართული დელეგაციის წევრები სხდომის მონაწილეებს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას გააცნობენ.

როგორც საქართველოს დელეგაციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.

  • „გამოვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და ისაუბრებს იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველომ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს ვაქცინაციის თვალსაზრისით. იქნება საუბარი იმ მთავარ ასპექტებზე, რომლებიც აქვს ჩვენი ეროვნული ვაქცინაციის გეგმას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.