რისთვის ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი რეგონული ტურნეს ფარგლებში 27–28 იანვარს საქართველოს ეწვევა, ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან. 

„შავი ლაქები“: ირანის პრეზიდენტი აშშ-ს პირობას უყენებს

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რეგიონული ტურნე აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო. საქართველოდან იგი რუსეთში გაემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან. ზარიფის გეგმებშია ასევე სომხეთში ვიზიტი.

როგორც ტურნეს დაწყებამდე მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, იგი იმ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავს, რომელთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%-ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.