დედაქალაქის მერია საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს რეგულაციებს უწესებს

კახა კალაძის თქმით, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ქალაქის მოსახლეობის გაფრთხილება წინასწარ უნდა მოხდეს, რათა მოქალაქეებმა გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშაონ.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები, ავარიული შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოებას მხოლოდ ღამის საათებში შეძლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

GWP: თანამშრომლების გაფიცვა წყალმომარაგებაზე არ აისახება

კერძოდ, საუბარი ეხება ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასს“ და წყალგამანაწილებელ კომპანია GWP-ს.

კალაძის განმარტებით, ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეფერხებისა და დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია წინასწარი შეტყობინების სისტემის დანერგვა. 

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და სხვები კონკრეტულ უბანზე სამუშაოებს მოსახლეობისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე იწყებენ, რაც მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს... აღნიშნულმა კომპანიებმა სარემონტო სამუშაოები ღამის საათებში უნდა ჩაატარონ, რადგან დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი რეგულაციის თანახმად, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოებს დღისით მხოლოდ გადაუდებელი და საავარიო საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ, რასაც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე განახორციელებენ.

კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კალაძის განცხადებით, გზებზე „საცობების“ წინააღმდეგ ბრძოლა – დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგალითად, მუშაობის გრაფიკში ცვლილებები დაუწესდა მუნიციპალურ კომპანია „თბილსერვის ჯგუფს". კერძოდ, მუნიციპალური ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება.

„შეზღუდვები დავუწესეთ ნარჩენების გამტან მანქანებს, რომ დღის საათებში არ იმოძრაონ. აუცილებელია ნაგვის მანქანებმა, განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებში, დღის საათებში არ იმოძრაონ და ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდეს. ასევე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ავტომობილების მოძრაობა გარკვეულ დროში განხორციელდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა ახალი რეგულაციით განსაზღვრული წესების მაქსიმალურად გაკონტროლება თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, ხოლო პროცესის ზედამხედველობა მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დაავალა.