თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. რამდენიმე დღეში თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ხუთი ახალი ავტობუსი გადაეცემა და ჯამში ქალაქსა და მიმდებარე სოფლებს 10 ახალი ავტობუსი მოემსახურება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა, დავით ქსოვრელიშვილმა განაცხადა, თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა რამდენიმე კვირაში უნდა დაიწყოს. მისი თქმით, მძღოლები და ტექნიკური პერსონალი უკვე გადამზადებულია.
„ამ ეტაპზე შეირჩა და გადამზადდა 20 მძღოლი და ტექნიკური პერსონალი. 5 ახალი ავტობუსი უკვე თელავშია და ველოდებით კიდევ ხუთის გადმოცემას. ამ დროისთვის ასევე საკრებულოსთან ერთად მიმდინარეობს ორგანიზაციის შექმნაზე მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ მუშაობას“, - განაცხადა ქსოვრელიშვილმა.
ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8,5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასულ წლის ბოლოს გადაეცა. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და თელავის გარდა, ავტობუსების გადაცემას კიდევ 5 მუნიციპალიტეტისთვის ითვალისწინებს.