ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

საჯარო მოხელე ერთ-ერთ კომპანიას სისტემატურად უქმნიდა პრობლემებს და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ლადო გოგსაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გოგსაძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

გოგსაძის დაკავების შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი.

დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე

გამოძიების ვერსიით, საჯარო მოხელემ, როგორც სატენდერო კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელმა პირმა, რაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის გამაგრებაზე 2020 წლის 30 აპრილისთვის გამოცხადებული ტენდერის დროს, 29 აპრილს ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი დაიბარა და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და, აქედან გამომდინარე, ტენდერში მას არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით.

სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით >>

კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში მას ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.