ტიკარაძე: აჭარაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია

აჭარა შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება. 1 თებერვლიდან ბათუმში იწყებს მუშაობას ტრანსპორტი, იხსნება სკოლები და საბავშვო ბაღები, ასევე სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ინფიცირების დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი და გარანტიაა იმის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნებული იქნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ზაფხულის ტურისტული სეზონის ასამუშავებლად

მინისტრმა მასმედიასთან განმარტა, თუ რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის გათვალისწინება, აღნიშნა ტიკარაძემ.

„ზოგადად, ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირებული დადებითი დინამიკა არ ნიშნავს, რომ სიტუაცია სტაბილურია. ეპიდვითარებას 14-დღიან ჭრილში ვაკვირდებით და ამის შემდეგ ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კლების დადებითი დინამიკა გრძელდება, მომავალში სხვა რეგიონებსაც განვიხილავთ და ასევე გავაფართოებთ შეზღუდვების გაუქმების ჩამონათვალს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ აჭარაში რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილებამ სხვადასხვა რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

კვირას სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.