ოზურგეთის მოსახლეობა ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საწარმო საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენეს გარემოს.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ოზურგეთის მოსახლეობამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა აქციით გააპროტესტა. 

ოზურგეთში მოსახლეობამ მდინარე სუფსას დასაცავად აქცია გამართა

ადგილობრივების თქმით, ქალაქის ცენტრში ქარხნის მშენებლობა არა მარტო საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას, არამედ გარემოსაც ზიანს მიაყენებს.

საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციაზე მივიდა კომპანია „არერსა მეტალის“ გენერალური დირექტორი შავლეგ მიგრიაული. მისი თქმით, აღნიშნული საწარმო უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით შენდება და იგი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. მიგრიაულმა მოსახლეობის პროტესტს უსაფუძვლო უწოდა.

თუმცა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხარვეზებითაა სავსე, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიშის წარმოდგენას კი აჭიანურებს.

სამინისტრომ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო გადადო დოკუმენტის განხილვა, რომელიც 28 იანვარს იყო დაგეგმილი. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა კომპანია მშენებლობის ნებართვას.