ქმარი შოკშია: ქალი გარდაცვალებიდან ათი დღის შემდეგ შინ დაბრუნდა

85 წლის ქალი საკუთარი დაკრძალვიდან ათი დღის შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში დაბრუნდა და შოკში ჩააგდო იმავე დაწესებულებაში მცხოვრები მეუღლე.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრები ქალი საკუთარი დაკრძალვიდან ათი დღის შემდეგ დაწესებულებაში დაბრუნდა, იუწყება Euro Weekly.

შემთხვევა ესპანეთის ქალაქ ორენსეში მოხდა.

კაცი, რომელიც ოთხი თვის წინ დაკრძალეს, საფლავებს შორის მოხეტიალე იპოვეს

როგორც ირკვევა, თავშესაფარში მცხოვრები ორი ქალი — როგელია ბლანკო და კონსეფსიონ არიასი, იანვრის დასაწყისში ერთ დღეს გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

13 იანვარს ბლანკოს ნათესავებს შეატყობინეს, რომ ქალი გარდაიცვალა. პანდემიის გამო დადგენილი წესების თანახმად, დაკრძალვა მეორე დღესვე შედგა, რა დროსაც ოჯახის წევრებს გარდაცვლილთან ახლოდან დამშვიდობების უფლება არ მისცეს.

ათი დღის შემდეგ კი „გარდაცვლილი“ როგელია ბლანკო თავშესაფარში დაბრუნდა, რითიც შოკში ჩააგდო თავისი მეუღლე, რომელიც იმავე დაწესებულებაში ცხოვრობს.

აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში კონფენსიონ არიასი გარდაცვლილიყო, რომელთან ერთადაც იწვა პალატაში ბლანკო. სამედიცინო პერსონალს უბრალოდ მათი სახელები აერია.

მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ აუცილებლად მიიღებენ ზომებს, რათა სხვა დროს მსგავსი რამ აღარ გამეორდეს.