ქართულ დრამას „დასაწყისი“ „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენას უწინასწარმეტყველებენ

მოხვდება თუ არა ქართული ფილმი იეღოვას მოწმეების დევნის შესახებ პრესტიჟული კინოპრემიის ნომინანტებს შორის, 9 თებერვალს გახდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ავტორიტეტულმა პორტალმა IndieWire ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ იმ 15 საუკეთესო საერთაშორისო კინოსურათს შორის დაასახელა, რომლებიც შეიძლება „ოსკარის“ ნომინანტები გახდნენ.

IndieWire – ესაა ვებ-გვერდი, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და კინოინდუსტრიასა და კინომიმოხილვას ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღება ვებ-გვერდზე დამოუკიდებელ კინოს ექცევა.

„დასაწყისი“ - დეა კულუმბეგაშვილის ფილმს როტერდამის ფესტივალზე აჩვენებენ

IndieWire-ის მიერ შერჩეულ ფილმებს შორის მოხვდა სხვადასხვა ქვეყნის კინოსურათები – საბერძნეთის, ჩეხეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სხვ.

დრამა „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს იეღოვას მიმდევართა ერთი ჯგუფის ისტორიას, რომელიც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმას განიცდის.

მთავარი გმირი იანა ერთ-ერთი იეღოველის მეუღლეა. მისთვის ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შედეგად ნელ-ნელა იმსხვრევა. იანას შინაგანი მღელვარება ძლიერდება, როდესაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს.

დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან-სებასტიანში: ფილმმა „დასაწყისი“ ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა ერთბაშად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა.

„დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და მის ირგვლივ სოფლებში და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ამერიკული „ოსკარის“ პრემიის ნომინანტებს 9 თებერვალს დაასახელებენ.