„ამნისტიის შესახებ" კანონი 11 ათასამდე პრობაციონერს ეხება

გარდა პრობაციონერებისა, კანონი „ამნისტიის შესახებ“ 1,5 ათასი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მის აღსრულებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს იმ 10 883 პირის საქმე გადასცა, რომელთაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეეხო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, 10 883 პრობაციონერიდან 477 ქალია, 68 კი - არასრულწლოვანი მსჯავრდებული.

მსჯავრდებულებზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს.

საქართველოში „ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა>>>

„ამნისტიის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ამნისტიის აქტი ითვალისწინებს 3 522 მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას, 5 361 მსჯავრდებულისთვის სასჯელის განახევრებას, 1 468 მსჯავრდებულისთვის კი სასჯელის ზომის ერთი მეოთხედით შემცირებას.

კიდევ 532 მსჯავრდებულს ამნისტია ნაწილობრივ შეეხება: პირს, რომელიც რამდენიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შეუმსუბუქდება მხოლოდ იმ მუხლებისთვის დაწესებული სასჯელი, რომლის ამნისტიასაც კანონი ითვალისწინებს.

იმ მსჯავრდებულთაგან, ვისაც ამნისტია ეხება, 4 920 პირი გასამართლებულია საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკული დანაშაული, ავტოსაგზაო შემთხვევა. 

ქართული ციხეებიდან ამნისტიის საფუძველზე უკვე 90 პატიმარი გათავისუფლდა

3 422 პირი გასამართლებულია ეკონომიკური დანაშაულებისთვის – ქურდობა, მითვისება/გაფლანგვა, გადასახადისგან თავის არიდება, ქონების დაზიანება, თაღლითობა.

891 პირი გასამართლებულია ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ძალადობა, მუქარა (გარდა ოჯახური ძალადობისა).

ხოლო 1 650 პირი – ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის.

პრობაციონერებზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს და განჩინება საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის ვადაში გამოაქვს. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ვალდებულია წარმოადგინოს დაზარალებულის თანხმობა, სასამართლო განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილებას იღებს კანონით დადგენილი წესით ექვსი თვის ვადაში.

ვის ეხება ამნისტია

კანონის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებული არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად. 

საქართველოში სისხლის სამართლებრივი ჯარიმების ამნისტია დაიწყო

ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, თუ ამას სერიოზული ზიანი ან ადამიანის გარდაცვალება არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის. ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.

ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა. 

დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, მომხმარებელთა მოტყუება, უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ასევე დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ასევე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გათავისუფლებას მსჯავრდებულის მხრიდან ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, კრედიტის უკანონო მიღებისთვის ანდა ჩეკისა თუ საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებისთვის. 

„ამნისტია ყველას უნდა შეეხოს“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

გარდა ამისა, პატიმრობის ვადა გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენისთვის, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღებისთვის, ლიცენზიის გარეშე აღმასრულებელი საქმიანობისთვის, ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენებისთვის, ჯანმრთელობისთვის საშუალო სიმძიმის ზიანის მიყენებისთვის, დახურულ სივრცეში შეღწევით ქურდობისთვის, მასშტაბური ან პირთა ჯგუფის მიერ თაღლითობისთვის, მითვისებისა ან გაფლანგვისთვის, კრედიტორებისგან ქონების დამალვისთვის.

მეოთხედით შეუმცირდებათ პატიმრობის ვადა იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ვალუტის უკანონო ბრუნვისთვის, სანადირო იარაღის დაუდევარი შენახვისთვის, ადვილად აალებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვის წესების დარღვევისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა-შეძენისთვის, მუქარისთვის, საბაჟოზე საქონლის გადატანის წესების დარღვევისთვის, გადასახადების დამალვისთვის, დანაშაულის პროვოცირებისთვის

ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.