შენგელაია-88: კინოცენტრი „თეთრი ქარავანის“ განახლებულ ვერსიას აჩვენებს

ეს საკულტო ფილმი აღდგენილია კანის ფესტივალზე წარსადგენად, სადაც ფილმი პირველი წარმატებული ჩვენებიდან 55 წლის შემდეგ აჩვენეს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ეროვნული კინოცენტრი ფილმ „თეთრი ქარავანის" (1963) აღდგენილი ვერსიის ჩვენებას ფილმის ავტორის - ლეგენდარული რეჟისორის, ელდარ შენგელაიას 88 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართავს.

ფილმი Facebook-ის პირდაპირ ეთერში კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შაბათს, 30 იანვარს, 22:00 საათზე იქნება ნაჩვენები. ფილმის ლინკი ხელმისაწვდომი იქნება ასევე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბის ვებგვერდზე.

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი" 1964 წელს პირველად აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2019 წელს, 55 წლის შემდეგ, იგი კანში კვლავ დაბრუნდა სექციაში „კანის კლასიკა".

ელდარ შენგელაია თავისი ძმის ხსოვნას ფილმს უძღვნის

სწორედ 2019 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ წარსადგენად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.

„თეთრ ქარავანს" სამი წლის განმავლობაში იღებდნენ. სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი.

ელდარ შენგელაია დაიბადა თბილისში 1933 წელს. 1958 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის („ვგიკის“) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის და სერგეი სკვორცოვის სახელოსნო). მან გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორებიცაა „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვ.