თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე მოხსნის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. უფლებამოსილება შეუჩერდება 51 დეპუტატს, რომლებმაც გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.
„ერთი მხრივ, ძალიან სამართლიანი და ლოგიკურია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ უფლებამოსილებას არ ასრულებენ და უპასუხისმგებლოდ იქცევიან, იმსახურებენ უფლებამოსილება შეუწყდეთ და პარლამენტი დატოვონ, თუმცა მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ ჩანიშნულა“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი ინფორმაციით, გარკვეული პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს ინდივიდუალურ რეჟიმში აწარმოებენ. ამასთან, წილოსანმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტს შეემატება.
„გამომდინარე აქედან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს ობიექტური მოცემულობა. გიდასტურებთ, რომ ამ თემაზე გუნდში საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მსჯელობა არ გადაიდება, რადგან ვადები იწურება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
საქართველოს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე მოხსნის საკითხს სამშაბათს, 26 იანვარს განიხილავს.
საკითხის კომიტეტში განხილვის შემდეგ ის განსახილველად საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გავა. დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის აუცილებელია 76 დეპუტატის ხმა.