როგორ ჩააბარონ ქართველმა აბიტურიენტებმა რუსეთის უნივერსიტეტებში: დეტალური ინსტრუქცია

რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა დოკუმენტები მოამზადონ - რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ მოხვედრის დეტალური ინსტრუქცია
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ ქართველი აბიტურიენტები უფასოდ მოხვდნენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს პრესცენტრში საქართველოს რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკიმ ისაუბრა.

ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობა ეძლევა

ყოველწლიურად საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია ატარებს კონკურსს საქართველოს მოქალაქეთა შესარჩევად რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად. წელს აბიტურიენტებისა და სტუდენტების შესარჩევი კამპანია 2021-2022 სასწავლო წელს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის დაფინანსებით უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად 20 იანვრიდან დაიწყო.

რუსეთში სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტების სასწავლო პროგრამა უკვე 16 წელია, ფუნქციონირებს. მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთში საქართველოდან ყოველწლიურად დაახლოებით 120 სტუდენტი მიემგზავრება. თუმცა ამჯერად ქართველი აბიტურიენტებისთვის გამოყოფილი ადგილების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ნიკოლაი სვენტიცკი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საკმარისი ადგილი გამოიყოფა.

აბიტურიენტების რიცხვში მოსახვედრად აუცილებელია ანკეტის სწორად შევსება ვებგვერდზე education-in-russia.com.

განაცხადის წარდგენის წესი

შესარჩევ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ანკეტის შევსება ვებგვერდზე.

საჭიროა განაცხადზე დასკანერებული დოკუმენტების მიმაგრება ვებგვერდზე მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად. ქართულ ენაზე წარდგენილ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი რუსულ ენაზე.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანკეტის ყველა ველი შეივსება, განმცხადებელი აჭერს ღილაკს „შესამოწმებლად გაგზავნა“ (отправить на проверку), რის შემდეგაც განაცხადი სისტემის ბაზაში ხვდება. მონაცემების შესწორება შესაძლებელია, მაგრამ მთავარია სისტემაში მოხვედრა.

პირველ ეტაპზე აუცილებელია ვებგვერდზე აიტვირთოს დასკანერებული საზღვარგარეთის პასპორტი, ასევე, აბიტურიენტების შემთხვევაში - პირველი სემესტრის სასკოლო შეფასება, სტუდენტების შემთხვევაში - დიპლომები.

20 თებერვლის შემდეგ იწყება დოკუმენტების შემოწმება, რის შემდეგაც უკვე მარტის პირველ ნახევარში პრეტენდენტს გასაუბრებაზე დაიბარებენ. სამედიცინო ცნობის, აბიტურიენტების მეორე სემესტრის შეფასების წარდგენა მეორე ეტაპზეა შესაძლებელი.

როგორ ჩააბარონ ქართველმა აბიტურიენტებმა რუსეთის უნივერსიტეტებში: დეტალური ინსტრუქცია

გასაუბრების გრაფიკის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება 20 თებერვლის შემდეგ. კითხვების დასმის საშუალება აბიტურიენტს ან სტუდენტს შეუძლია ვებგვერდზე - education-in-russia.com ან საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ვებგვერდზე.

დამატებითი რჩევები

აუცილებელია ყველა გრაფის შევსება, დასრულების შემდეგ კი ყველა ველის ყურადღებით შემოწმება:

  • ფოტოსურათი აუცილებელია;
  • საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში გასაუბრებაზე მიწვევის შემთხვევაში, აუცილებელია ანკეტის ამობეჭდვა;
  • დოკუმენტების მთელი პაკეტი, მათ შორის, ატესტატების, დიპლომების, სერტიფიკატების დედნები - რუსეთში სწავლის მსურველებმა თან უნდა იქონიონ;
  • განაცხადის შევსებისას შესაძლებელია ექვსი, მაგრამ ერთ ქალაქში არაუმეტეს ორი უმაღლესის მითითება;
  • მთელი დოკუმენტაცია უნდა ითარგმნოს რუსულ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად, შემდეგ კი აიტვირთოს ვებგვერდზე PDF-ფორმატში;
  • აუცილებელია მიმდინარე შეფასებების შემცველი ცნობის მიმაგრება.

თუ სტუდენტი/აბიტურიენტი აბარებს, მაგალითად, სამედიცინო ან ეკონომიკურ უმაღლეს სასწავლებელში, საჭიროა უმაღლესი შეფასების მიღება ბიოლოგიაში, ქიმიასა და მათემატიკაში. გასაუბრებაზე ამ სფეროდან კითხვები დაისმება.

გარდა ამისა:

  • უნდა მიეთითოს მთელი ინფორმაცია პრეტენდენტის აქტივობის - სემინარებში, ოლიმპიადებში, მასტერკლასებში, კონკურსებში მონაწილეობის შესახებ, რაც დამატებითი ბონუსებია შერჩევისას;
  • ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს სამედიცინო ცნობებს, რომელთა მიმაგრება ანკეტაზე PDF-ფორმატით აუცილებელია, მათ გარეშე ანკეტა სრულად შევსებულად არ ჩაითვლება;
  • მათ, ვინც ქართულ სკოლას ამთავრებს, მაგრამ სრულყოფილად ფლობს რუსულ ენას, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რუსული ენის პედაგოგის, ან უმჯობესია სკოლის დირექციის მიერ გაცემული ცნობა; ხოლო მათთვის, ვისაც საშუალო ან უმაღლესი განათლება რუსულ ენაზე აქვთ მიღებული, საკმარისია ნიშნები ატესტატსა ან დიპლომში;
  • აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია ანკეტის რედაქტირება: მთავარია - არ შეიძლება მათი რეგისტრაცია რამდენჯერმე ზედიზედ, ამან შეიძლება ვებგვერდის სისტემა დააზიანოს;
  • თუ კანდიდატს ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს - საქართველოსი და რუსეთის - თხოვნაა, აიტვირთოს ორივე დასკანერებული საზღვარგარეთის პასპორტი.

თუ კანდიდატს არ შეუძლია პირადად დაესწროს შესარჩევ ტურებს, მაგალითად, იმ მომენტში არ იმყოფება ქვეყანაში, ამ შემთხვევაში აუცილებელია დისტანციური გასაუბრების თხოვნის შემცველი მიმართვის გაგზავნა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის სახელზე.