მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა – პარლამენტი ვაქცინაციის გეგმას მხარს უჭერს

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შეძენა და შემოტანა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება – შესაბამისი შესწორებები უკვე ინიცირებულია და მას უახლოეს მომავალში მიიღებენ
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომლის მიხედვით მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დამტკიცებული ვაქცინებით მოხდება, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია: ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება>>

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში უკვე ინიცირებულია შესწორებების პროექტი კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ, რომლის თანახმად COVID-19–ის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით ვაქცინაციისთვის ქვეყანაში მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინები უნდა შემოვიდეს.

„ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ სამედიცინო დაწესებულების დაშვებული შეცდომით“, – განმარტა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა აქტიურად მუშაობს და ემზადება ვაქცინის საქართველოში შემოტანისთვის, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

საქართველო COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა AstraZeneca-ს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ვაქცინის პირველი პარტია – დაახლოებით 20 ათასი დოზა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში, თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. ქვეყანაში შემოიტანენ ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის პრეპარატს BNT162b2.