თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე მოხსნის საკითხს სამშაბათს, 26 იანვარს განიხილავს, ნათქვამია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე.
ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას>>
საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. უფლებამოსილება შეუჩერდება 51 დეპუტატს, რომლებმაც გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.
მანდატები გაუუქმდებათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4), „ლელო საქართველოსთვის“ (4), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1), ასევე ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „გირჩი“.
საკითხის კომიტეტში განხილვის შემდეგ ის განსახილველად საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა. დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის აუცილებელია 76 დეპუტატის ხმა.
დღეისათვის პარლამენტში 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ოთხი შევიდა. იანვრის დასაწყისში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა, პარტიის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ, ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.
თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გასულ კვირაში პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს. მათ ხმების 1,33% მიიღეს და ორი სადეპუტატო სავარძელი ერგოთ.
„გირჩის“ კიდევ სამი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიალოგს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან, მაგრამ პარლამენტში შესვლას ჯერ არ აპირებს.
პარლამენტში მოხვედრილმა დანარჩენმა ოპოზიციონერებმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და ბოიკოტი გამოაცხადეს.