ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

ელისო ბოლქვაძემ არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში.
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ცნობილ ქართველ პიანისტს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და  იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის მიანიჭა.

იუნესკოს საპატიო ტიტულს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი ფლობს. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვ.

ქართველ პიანისტს აღნიშნული სტატუსი პირველად  2015 წელს პარიზში მიენიჭა  და პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს. 

საქართველოს პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად შვიდი წლის ასაკში დაუკრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს დაამთავრა.

მან პროფესიული მოღვაწეობა საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ-ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას. მან ასევე 2013 დააფუძნა "ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი".

ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ.

საფრანგეთის ეროვნულმა სატელევიზიო კომპანია LCI-მ სრულმეტრაჟიანი ფილმი მიუძღვნა ქართველი ხელოვანის ცხოვრებას საქართველოსა და პარიზში.
ელისო ბოლქვაძე მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.