ტოჩინოშინმა იანვრის ჰაცუ ბაშო წაგებით დაასრულა

ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე 15 შერკინებიდან მხოლოდ ოთხი მოიგო, შედეგად კი მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების ახალ რეიტინგში ტოჩინოშინი საკმაოდ ბევრ პოზიციას დათმობს
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ტოკიოში იანვრის ჰაცუ ბაშო წაგებით დაასრულა.

აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში მყოფი ტოჩინოშინი ტურნირის დასკვნით დღეს დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტერუცუიოსისთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ იაპონელი სუმოისტი გორგაძესთან შედარებით 62 (!) კილოგრამით ნაკლებს იწონის. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იანვრის ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი არც თუ კარგ ფორმაში წარდგა.

იმპერატორის თასზე სეზონის პირველი ტურნირის შედეგების შეჯამებისას ნათლად გამოჩნდა, რომ ტოჩინოშინისთვის ის ძალზე წარუმატებლად წარიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე 15 შერკინებიდან მხოლოდ ოთხი მოიგო. ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების ახალ რეიტინგში ტოჩინოშინი საკმაოდ ბევრ პოზიციას დაკარგავს.

რაც შეეხება ჰაცუ ბაშოს გამარჯვებულს, ის გახდა დასავლეთის პირველი მაეგაშირა 27 წლის დაიეისიო. იაპონელმა სუმოისტმა ორი წაგებით 13 მოგება მოიპოვა.

იმპერატორის თასზე მომდევნო ტურნირი - ჰარუ ბაშო - მარტში გაიმართება.