საპროტესტო აქცია თბილისში: მოქალაქეები კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ შემსუბუქებას ითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი.

კანცელარიასთან შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.

საელჩო: ისრაელიდან ტურისტების უსწრაფეს მიღებაზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ მოუწოდებენ მთავრობას, შეამსუბუქოს რეგულაციები. მათივე განცხადებით, გახსნის შემთხვევაში მზად არიან რეკომენდაციები და არსებული წესები მკაცრად დაიცვან.

ასევე, აქციას ესწრებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. როგორც პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, თუ შეზღუდვები არ მოიხსნა, ქვეყანას სიღარიბე ემუქრება.

„მე მგონია, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ ჩავიძირებით სიღარიბის კიდევ უფრო ღრმა ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება კიდევ უფრო რთული. ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი. პირადად მე ამ მოთხოვნებით ვარ მოსული, თუმცა შეიძლება აქ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მოთხოვნით არის მოსული, ზოგს ტრანსპორტი ადარდებს, ზოგს საჰაერო ფრენების გახსნა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ტურიზმის სექტორი მთავრობას ღია წერილით მიმართავს და რეკომენდაციებს აცნობს

მისივე ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო საქართველოს მსგავსი შეზღუდვები არ დაწესებულა.

„უამრავი ქვეყანა არის, სადაც არ დაკეტილა არასდროს, არ დაკეტილა არც ბაღები და არც სკოლები. უამრავი ქვეყანაა, სადაც არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ცხოვრობენ ჩვეულებრივად. ჩვენ ვართ გაცილებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას“, - ამბობს ჯაფარიძე.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

კიდევ უფრო მასშტაბური აქცია კანცელარიასთან ორშაბათს გაიმართება. ის ორგანიზაცია „მწვანეების“ მიერ არის დაგეგმილი და ღონისძიებაზე მისვლას 4,4 ათასი აპირებს, ხოლო დაინტერესებულია 18,3 ათასი ადამიანი.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.