„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დღეს კომენდანტის საათის დროს რუსთაველზე ისეირნებენ

დღეს თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ შემსუბუქებას ითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დღეს, 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა რუსკა მჭედლიძემ განაცხადა.

მჭედლიძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე რუსთაველზე დემონსტრაციულად დაარღვევენ დაწესებულ შეზღუდვებს და ისეირნებენ.

მოქალაქეები ამ ფორმით კომენდანტის საათს გააპროტესტებენ.

მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე იზოლაციის წესი დემონსტრაციულად დაარღვია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში უამრავი გაუაზრებელი შეზღუდვაა დაწესებული. მისი თქმით, მას აქვს PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, თუმცა ამის მიუხედავად 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დაევალა.

„ზუსტად ასეთი ერთ-ერთი უაზრო შეზღუდვის გამო, მე ახლა უნდა ვიჯდე სახლში. ვიყავი უცხოეთში – ამერიკაში, სადაც როდესაც PCR-ტესტი წარვადგინე, გადაადგილების პრობლემა არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და გამომიწერეს 12-დღიანი კარანტინი, მიუხედავად იმისა, რომ დავრეკე ცხელ ხაზზე, ვუთხარი, რომ ტესტი გავიკეთე და ჯანმრთელი ვარ. ხელში მიჭირავს ტესტის პასუხი, რომლითაც ჯანმრთელი ვარ და ახლა მითხარით, რატომ უნდა ვიჯდე სახლში“, - ამბობს ვაშაძე.

დღეს საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ. ასევე, საპროტესტო აქცია გამართეს „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულმა მოვაჭრეებმა. ისინი სავაჭრო ცენტრების მსგავსად, 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია თბილისში: მოქალაქეები კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ >>

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.