თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.
„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.
ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.
„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.