„დასაწყისი“ - დეა კულუმბეგაშვილის ფილმს როტერდამის ფესტივალზე აჩვენებენ

ფილმი ფესტივალის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის განმავლობაში, მისი ნახვა ბილეთის ონლაინ შეძენის შემდეგ იქნება შესაძლებელი
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი”. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ფილმი წარმოდგენილია სექციაში Limelight, რომელიც გამორჩეულ, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ ფილმებს აერთიანებს.

ფილმ „დასაწყისის” ჩვენება 4 თებერვალს შედგება და იგი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის მანძილზე. როტერდამის კინოფესტივალის ვებგვერდზე შესაძლებელია ბილეთის შეძენან ონლაინ.

კინო, რომელიც თქვენ გამოტოვეთ: 2020 წლის ხუთი საუკეთესო ქართული ფილმი

ფილმს 2020 წელს საერთაშორისო კინოფესტივალებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა ერთბაშად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა.

დრამა „დასაწყისი“ - საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს იეღოვას მიმდევართა ერთი ჯგუფის ისტორიას, რომელიც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმას განიცდის. მთავარი გმირი იანა ერთ-ერთი იეღოველის მეუღლეა. მისთვის ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შედეგად ნელ-ნელა იმსხვრევა. იანას შინაგანი მღელვარება ძლიერდება, როდესაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს. 

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

„დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება ორ ნაწილად გაიმართება: 1-7 თებერვალსა და 2-6 ივნისს. ფორმატი შერეული იქნება, რაც ონლაინ ღონისძიებების გარდა, კინოჩვენებებზე ფიზიკურ დასწრებასაც გულისხმობს. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა. იგი მაყურებელს საავტორო და ექსპერიმენტულ კინოს სთავაზობს და ფოკუსირებულია ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.