ცერცვაძე: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დაამარცხებს შიდსს

საქართველო ლიდერია C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამის რეალიზაციაში, ამას კი შიდსის ეპიდემიაზე გამარჯვება მოჰყვება.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დაახლოებით 10 წლის შემდეგ მსოფლიოში შიდსის ეპიდემია დამარცხდება და საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ეს მოხდება, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, თანამედროვე მედიკამენტების წყალობით, ინფიცირებულთა სისხლში ვირუსი არ რჩება, შესაბამისად, მისი გადადებაც შეუძლებელია.

2021 წელს ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე 5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება

„დღეს, შიდსით დაავადებულთა სისხლში ვირუსი არაა. ის მხოლოდ უჯრედშია. დაავადებულებს აძლევენ მედიკამენტს, რომელიც ორგანიზმიდან ვირუსს მთლიანად ვერ გამოდევნის, მაგრამ ის სისხლში განულებულია. თუ ვირუსი სისხლში არაა, ის, როგორც გადაცემის წყარო, განეიტრალებულია. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია დამთავრდება და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ეს მოხდება. ამასთან, ჩვენ ცალსახად ვიქნებით პირველი ქვეყანა, სადაც, ერთდროულად, ორი ეპიდემია დასრულდება - შიდსი და C ჰეპატიტი“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, საქართველო ლიდერია C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამის რეალიზაციაში, ამას კი შიდსის ეპიდემიაზე გამარჯვება მოჰყვება.

2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 474 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის, 6 326 მამაკაცია და 2 148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა და 1 734 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსი აივ–ინფექციის შემთხვევების შემცირების მიზეზი გახდა >>

გასულ წელს აივ-მკურნალობა 5 220 პაციენტმა გაიარა, მათ შორის 590 აფხაზეთიდან. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 49,0 % (4150) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 36,6 % (3107) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 12 % (1020) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1,3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით (დედიდან შვილზე); 0,5 % (41) - სისხლის რეციპიენტია.