თბილისის, ქუთაისის, რუსთავის სკოლებში სწავლის დაწყების თარიღი ცნობილი 15 თებერვალს გახდება

იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი შესაძლოა 1 მარტსაც არ დაიწყოს.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღეში 1 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებთან დაკავშირებით ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიძლება გადაიხედოს. ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

„15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა. აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საპროტესტო აქცია თბილისში: მოქალაქეები კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, უწყების ცნობით, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.

„სამინისტროს მიზანია, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს – საკლასო ოთახს. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლებში დასაქმებული სხვა პირების ჯანმრთელობა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო ფორმატს ეხება, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მიღებული“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

რაც შეეხება ბათუმს, ზუგდიდს, გორს, ფოთსა და თელავს, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი სკოლებში 1 თებერვალს აღდგება.  

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.  სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.