თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთში თბილისის „დინამომ“ წააგო სერბეთის „რადნიკთან“ 0:1 პირველ საკონტროლო მატჩში, რომელიც თურქეთის ბელეკში სეზონისწინა მომზადების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა. მისი ავტორი გახდა ზორან დანოსკი. „დინამოელებმა“ მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ შანსის გამოყენება ვერ შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ნემსაძისთვის „რადნიკის“ წინააღმდეგ მატჩი თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი გახდა.
მომდევნო ტესტ-მატჩს „დინამო“ 26 იანვარს გამართავს „ნაპრედაკის“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე სერბეთის ჩემპიონატს წარმოადგენს.