ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

იანვრის პირველ რიცხვებში ამერიკის მედია იუწყებოდა, რომ ტელეწამყვანი საავადმყოფოში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხით მოხვდა
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტის Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტზეა ნათქვამი.

კინგი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში 23 იანვარს გარდაიცვალა.

ტელეწამყვანს მსოფლიო იცნობდა მისი შოუთი Larry King Live, რომელიც მას 1985 წლიდან 2010 წლამდე მიჰყავდა. საერთო ჯამში მან 50 ათასზე მეტი ინტერვიუ ჩამოართვა, მისი რესპონდენტები იყვნენ პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი პიროვნებები.

კინგი იყო ემის, ასევე პიბოდის ორი პრემიის ლაურეატი და Cable ACE-ს ათგზის პრიზიორი.

2013 წელს წამყვანმა საკუთარი ტელეშოუს უფლებები მიჰყიდა ტელეარხ RT America-ს, სადაც შემდგომში მოღვაწეობა გააგრძელა.

2017 წელს კინგმა განაცხადა, რომ ფილტვის კიბო აქვს, 2019 წელს მას ანგიოპლასტიკა ჩაუტარდა.

იანვრის დასაწყისში ტელეარხი ABC იუწყებოდა, რომ ტელეწამყვანი საავადმყოფოში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხით მოხვდა.

ლარი კინგის ბიოგრაფია

ლარი კინგი დაიბადა 1933 წლის 19 ნოემბერს ბრუკლინში, ბელარუსიდან ჩასული ემიგრანტების ოჯახში. 22 წლის ასაკში გაემგზავრა მაიამიში, სადაც ადგილობრივ რადიოსადგურ WAHR-ის წამყვანი გახდა, იყო დიჯეი, მიჰყავდა ახალი ამბების და სპორტის გადაცემები. 1960 წელს ტელეარხ WTVJ-ზე ჰქონდა საკუთარი გადაცემა „მაიამის საფარქვეშ“ (Miami Undercover). გარდა ამისა, გამოცემებში Miami Herald და Miami News პერსონალური რუბრიკები მიჰყავდა.

1978 წელს რადიო WIOD-ზე დაიწყო მისი ახალი ღამის შოუ „ლარი კინგის შოუ“, რომელსაც უზარმაზარი პოპულარობა ხვდა წილად. შოუმ დაიმსახურა მედიამაგნატ ტედ ტერნერის ყურადღება, რომელმაც კინგს საკუთარი ტოკ-შოუს მასპინძლობა შესთავაზა ახალ შექმნილ ქსელ Cable News Network-ზე (CNN). 1985 წლის 3 ივნისს შედგა ლარი კინგის პროგრამა Larry King Live-ის პრემიერა CNN-ზე. 25 წლის განმავლობაში კინგს ინტერვიუ მისცა 50 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის რიჩარდ ნიქსონით დაწყებული აშშ-ის ყველა პრეზიდენტმა, სხვა ცნობილმა პოლიტიკოსებმა, სპორტისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა, მწერლებმა და სხვა ცნობილმა პიროვნებებმა. წამყვანის თქმით, მისი ყველაზე უჩვეულო სტუმარი იყო ნელსონ მანდელა. 2000 წელს ლარი კინგის სტუმარი იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2010 წელს პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, ლარი კინგს ინტერვიუ ვიდეო-ხიდის ფორმატში მისცა: წამყვანი იმყოფებოდა ლოს-ანჯელესში, პრემიერი - მთავრობის სახლის სტუდიაში.

Larry King Live მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე ხანგრძლივი შოუ, რომელსაც ჰყავს უცვლელი წამყვანი და ეთერში ერთ და იგივე დროს გადის.