სუმო: ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მეათედ დამარცხდა

აკისეიამასთან მარცხის შემდეგ მიმდინარე ბაშოზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ათი მარცხი და ოთხი გამარჯვებაა. ლევან გორგაძე ხვალ ჰაცუ ბაშოს ბოლო შეხვედრას გამართავს.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ტურნირის მე-14 დღეს დამარცხდა.

იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მორიგი ორთაბრძოლა მე-16 მაეგაშირა აკისეიამასთან წააგო. აკისეიამამ ქართველ სუმოისტს იორიკირის ილეთით დაამარცხა. ლევან გორგაძის ანგარიშზე წლის პირველ ბაშოზე ოთხი გამარჯვება და ათი მარცხია.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ის ჰაცუ ბაშოს ბოლო ორთაბრძოლას ხვალ გამართავს. ქართველმა სუმოისტმა 2021 წლის პირველ სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და მომდევნო ბაშოზე დაქვეითდება. ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა.