ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა: მომიტინგეთა შორის დაპირისპირება მოხდა

საზოგადოებრივი აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. სამოქალაქო საზოგადოებები - „ბათუმი“ და „დაიცავი ძველი ბათუმი“ - ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, იუწყება პირველი არხი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მრავალსართულიანი შენობის აშენება უკანონოა. ამასთან, მათივე განცხადებით, შენობა ბულვარს ავთენტურობას უკარგავს.

სადაო შენობა შპს „ამბასადორ ბათუმს“ ეკუთვნის. მასში სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება. თავდაპირველად კომპანიამ ტერიტორიაზე ოთხსართულიანი შენობის ნებართვა მოპოვა, სამი დღის წინ კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლთა საბჭომ შენობის 16 სართულამდე გაზრდის ნებართვა გასცა, რომელსაც საბჭოს რვა წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი.

აქციის მონაწილეები სამართლებრივი დავის დაწყებასაც აპირებენ.

„ხუთი წლის წინ გადავარჩინეთ ბულვარი. დღეს ისევ დასაცავია. არ დავუშვებთ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, – აცხადებს „დაიცავი ძველი ბათუმის“ წარმომადგენელი ზეინაბ დიასამიძე.
ბათუმში ბულვარის ჯიხურების მოიჯარეებისთვის შეღავათები დაწესდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი კი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტი ბულვართან შესაბამისობაშია.

საპროტესტო აქციაზე, სადაც ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ, რომელიც უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მას პროტესტის გამოხატვის უფლება არ აქვს.

„მე ბულვარში უკანონო მშენებლობებს ვაპროტესტებდი ყოველთვის, როცა წინა ხელისუფლების დროს, ფაქტობრივად ბულვარის ოკუპაცია მოხდა. ეს ხალხი მე მაშინ არ დამინახავს და არც გაუპროტესტებიათ ის უკანონო მშენებლობები, რომელსაც საზოგადოება ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი უფლებაა, მივიდე იქ, სადაც ჩავთვლი საჭიროდ“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

სიტუაცია საპატრულო პოლიციამ განმუხტა.