არ შეიძლება ძალადობის წახალისება: სახალხო დამცველი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

ომბუდსმენის განცხადებით, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში არ ჯდება
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ბათუმში საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის ურნიდან ნარჩენების დაყრას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გმობს.

სამოქალაქო საზოგადოებები - „ბათუმი“ და „დაიცავი ძველი ბათუმი“ - ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მას პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ - წერს ლომჯარია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს - რა გამოხმაურება მოჰყვა ინციდენტს

დღეს მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკოსების და საზოგადოებრივი აქტივისტების შეფასებები ისმოდა. აღსანიშნავია, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა მკაცრად დაგმო მომხდარი, რასაც მისი თანაპარტიელები არ დაეთანხმნენ და გააკრიტიკეს კიდეც. 

თავად ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ თვითონ გადაიტანს მომხდარს, მაგრამ მსგავსი ინციდენტები ქვეყანას აზიანებს.

„მთელი ცხოვრებაა გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა ღმერთმა შეუნდოს. ინცინდენტისას, რომ მოვბრუნდი, ჩემი ტოლი შემხვედროდა საკადრის პასუხს გავცემდი, შვილიშვილისხელა ბავშვი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა რას შვრებოდა. მე ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს... ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“, - აცხადებს ჩავლეიშვილი.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლის მიერ ჩადენილ საქციელს ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ „ამ ამაზრზენმა ინციდენტმა სრულიად გადაფარა ის აქტუალური თემა, რისთვისაც დღეს ბათუმელები შევიკრიბეთ, ლამის დისკრედიტირებულ იქნა ის მოძრაობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი“.