აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს - რა გამოხმაურება მოჰყვა ინციდენტს

ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა: მომიტინგეთა შორის დაპირისპირება მოხდა

სამოქალაქო საზოგადოებები - „ბათუმი“ და „დაიცავი ძველი ბათუმი“ - ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მას პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა.

აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

აქციის მონაწილეთა და ირაკლი ჩავლეიშვილის დაპირისპირებას სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება.

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა. ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – წერს სალომე სამადაშვილი.

თუმცა სალომე სამადაშვილის პათოსს არ ეთანხმებიან მისი თანაპარტიელები.

სამადაშვილს ფაქტობრივად მუქარით პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა.

„სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს თითოეულ აქციის მონაწილეს ან დატოვოს ნაცმოძრაობა. წინააღმდეგ
შემთხვევაში შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა“, - წერს ქიქავა.

გაკეთებული განცხადების გამო სალომე სამადაშვილს მისი თანაპარტიელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძეც უპირისპირდება. როგორც თედორაძე აღნიშნავს, წარსულში სალომე სამადაშვილისგან, მსგავსად პარტიის სხვა ლიდერებისა, მხარდაჭერა არ ახსოვს.

„არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო პეროობა და ან რამე მსგავსი! ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება!“, - განაცხადა თედორაძემ.
პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შევა: ისევ ერთი ყველას წინააღმდეგ

მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემაც. მისი თქმით თავზე ნაგვის დაყრა არასასურველი ფორმაა, თუმცა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება.

მეორე მხრივ, მომხდარი დაპირისპირების მონაწილეთა დასჯას ითხოვს აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო მგალობლიშვილი.

„ვგმობ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან განხორციელებულ ბნელ და ძალადობრივ თავდასხმის აქტს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

აქციის ორგანიზატორები მომხდარ უმსგავსობას კატეგორიულად ემიჯნებიან.

„ის, რაც დღეს, აქციის შემდეგ მოხდა, ის, რაც დღეს მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტებმა იკადრეს და აკადრეს, უპირველეს ყოვლისა თავიანთ მოძრაობას, ირაკლი ჩავლეიშვილს, ქალაქს, წარმოუდგენელია. ეს არის ანომალია და ასე თუ კეთდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა, მაშინ ყველაფერი გასაგებია. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ამ ამაზრზენმა ინციდენტმა სრულიად გადაფარა ის აქტუალური თემა, რისთვისაც დღეს ბათუმელები შევიკრიბეთ, ლამის დისკრედიტირებულ იქნა ის მოძრაობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. საქვეყნოდ ვაცხადებ, მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარი“ კატეგორიულად გმობს ძალადობას და ვემიჯნებით ამ უმსგავსობას“, – წერს მოძრაობის წარმომადგენელი ზეინაბ დიასამიძე.

ეყოლება თუ არა საქართველოს სრულფასოვანი პარლამენტი: მორიგი რაუნდის მოლოდინში

მომხდარ ფაქტს გმობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“:

„ჩვენთვის, „ლელოს" გუნდისთვის, რომელიც მომხრეა და თავად ამკვიდრებს ახალ ღირსეულ პოლიტიკურ სტანდარტებს ქართულ რეალობაში, კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი.
ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა“, - ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება თავად ჩავლეიშვილს, მან განაცხადა, რომ  წინა ხელისუფლების დროს ბულვარში უკანონო მშენებლობებს ყოველთვის აპროტესტებდა და მომავალშიც გააპროტესტებს იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის.