აშშ-ში მცხოვრებმა უცნობმა 1 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი მოხსნა

უცნობი იღბლიანის ლატარიის ბილეთში ერთმანეთს დაემთხვა ექვსივე რიცხვი თეთრ ბურთულებზე, ასევე ოქროს „მეგაბურთულა“
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ლატარია Mega Millions-ის ბილეთმა, რომელიც მიჩიგანის შტატში გაიყიდა, 1 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი მოიგო, რაც მეორე ყველაზე დიდი მოგებაა თამაშის ისტორიაში, აცხადებენ მისი ორგანიზატორები.

„ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ნომინალური ჯეკპოტი ერგება ბედნიერი ბილეთის მფლობელს მიჩიგანში. ეს ერთადერთი ბილეთია, რომელშიც დაემთხვა 22 იანვარს გათამაშებული ექვსივე ნომერი - თეთრი ბურთულები 4, 26, 42, 50 და 60, ასევე ოქროს „მეგაბურთულა“ – 24“, - ნათქვამია ლატარიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ჯეკპოტი Powerball-ში: აშშ-ში უცნობმა იღბლიანმა 700 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო

გათამაშებული ჯეკპოტის რეკორდი დამყარდა 2018 წელს, როდესაც სამხრეთ კაროლინაში გაყიდულმა ბილეთმა მოიგო 1,5 მილიარდი დოლარის პრიზი. ცნობილია, რომ ის შეიძინა ქალმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ორი დღის წინ სხვა ამერიკული ლატარია Powerball-ის მერილენდში ნაყიდი ბილეთის მფლობელმა 731,1 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო. ეს მეოთხე ყველაზე დიდი მოგებაა Powerball-ის ისტორიაში.

Mega Millions-ს ლატარიის ბილეთები აშშ-ში 1996 წლიდან იყიდება. ახლახან ორგანიზატორებმა წესები იმგვარად შეცვალეს, რომ ცალკეული მოთამაშეების ისედაც ასტრონომიულად მცირე შანსები კიდევ უფრო შემცირდა. თუმცა ამასთან ერთად დაიწყო რეკორდული ჯეკპოტების გათამაშება, რამაც დამატებით მყიდველები მიიზიდა.