ნატომ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შეწყვეტისკენ მოუწოდა

ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს, „დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების დაწყების წინ.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება“, — თქვა მან.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს, „დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების — ზურაბ ჯაფარიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.