თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოხდება მასწავლებლების ტესტირება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ხუთი დიდი ქალაქის – ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში 1 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. რაც შეხება სამ დიდ ქალაქს – თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, აქ სასწავლო დაწესებულებები საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში სწავლას 1 მარტიდან განაახლებენ.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, მასწავლებლების ტესტირება რეგულარულად განხორციელდება.
„სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. სასწავლო დაწესებულებაში რეგულაციების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება“, – განაცხადა მინისტრმა.
უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი პირველ სემესტრშიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.