ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე გახანგრძლივდა

ქვეყნის მოსახლეობას ღამით ქუჩაში გადაადგილებისთვის კვლავ სპეციალური საშვი დასჭირდება – ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 მარტამდე გახანგრძლივდა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

კერძოდ, ქვეყნის მოსახლეობას 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილება ისევ ეკრძალება.

„გარდა ამისა, ხუთ ქალაქში (ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში), სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მობილობის შემცირების მიზნით, უქმე დღეებში ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს, ხოლო მაღაზიები და კვების ობიექტები დისტანციურად იმუშავებენ", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, ასევე 1 მარტამდე იმოქმედებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა.