ზურაბიშვილი: საქართველო ვაქცინასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში და ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს ხვდება
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველო ევროკავშირის მხრიდან ვაქცინასთან დაკავშირებით სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე.

შეხვედრა ბრიუსელში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თავის მხრივ, შარლ მიშელმა დაუდასტურა ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტის თხოვნა მიღებულია და ის ეცდება თავის კოლეგებთან ერთად შესაბამის შედეგს მიაღწიოს.

კორონავირუსი და პანდემია - რაზე ისაუბრეს საქართველოს და ესპანეთის მთავარმა დიპლომატებმა

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ და პრაგმატულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოებლად უნდა გადაიდგას.

მხარეებმა ასევე განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, რომლებიც ორივე მხარისთვის ინტერესს წარმოადგენს.

პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და ჩამოსვლისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან. კერძოდ, პრეზიდენტი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვარს დასრულდება.