ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაგეგმა

მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტებს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შეიძლება თანამშრომლობა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის კუთხით.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტით ეწვევა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, იუწყება სააგენტო Fars.

„შემდეგ კვირაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და კორონავირუსზე ჩვენი ტესტები უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, გავემგზავრო კავკასიასა და რუსეთში“, – განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმავს იმ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.

მისი თქმით, ვიზიტების თარიღები უკვე შეთანხმებულია.

თეირანი ყველას არ ენდობა: ირანმა უცხოური კომპანიების ვაქცინების ტესტირება აკრძალა

გარდა ამისა, ზარიფმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთანაც.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%-ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.