საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია: მხოლოდ ეკონომიკის გახსნა დაამარცხებს კრიზისს

საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ეკონომიკის გახსნა, მაგრამ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომები
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნისა და სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება უნდა იყოს ცალსახა, პრინციპული და შეუქცევადი, განაცხადა საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ტიკარაძე: თებერვლიდან განვიხილავთ გახსნებს, თუმცა...>>

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ. საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 თებერვლიდან დაიწყება.

„პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით... გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა გაგრძელდეს პირველი თებერვლის შემდეგაც, ოღონდ ყოველგვარი ჩაკეტვის, წერტილოვანი თუ სექტორული შეზღუდვების გარეშე“, - თქვა ფხაკაძემ.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, ქვეყანას მხოლოდ ეკონომიკის გახსნის გზით შეუძლია დაამარცხოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი.

მოლების და ბაზრობების გახსნის მოლოდინში: თანამშრომელთა ტესტირების სქემა შემუშავებულია

„2021 წლის პირველი თებერვალი ის თარიღია, რომლის შემდეგაც დღის წესრიგის კორექტირებაა აუცილებელი ეკონომიკური საჭიროებებიდან, მწვავე გამოწვევებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ფხაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ რასაკვირველია, უცვლელი უნდა დარჩეს და მკაცრად გაკონტროლდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა, დისტანციისა და პირბადის ტარების წესის დაცვა, პერიოდული ტესტირება თუ სხვა, რაზეც ეპიდემიოლოგები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ბიზნესი შეთანხმდებიან.

საქართველოს კოვიდსტატისტიკა დაწესებულ შეზღუდვებს ამართლებს - ჯანდაცვის სამინისტრო>>

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უკვე დაევალათ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ეტაპობრივი გეგმის შემუშავება. პირველ ეტაპზე მოლებისა და ბაზრობების გახსნა იგეგმება. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი, და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყდება, რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ ეტაპზე.