თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს 2021 წელს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებისთვის, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით, დაახლოებით 3 397 300 დოზა ვაქცინა დასჭირდება, ნათქვამია COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმაში.
გეგმის თანახმად, გათვლები და მოცვის კოეფიციენტი 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობას ეხება.
გაბუნია: პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი 46 ათასი მედპერსონალის აცრაა>>>
პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს აცრიან – მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 71 ათასზე მეტი ადამიანია. ჯგუფის მოცვის სამიზნე 65%, ანუ 46,5 ათასი ადამიანია.
სხვა მიზნობრივი ჯგუფების პოტენციური იმუნური მოცვა 60%-ს შეადგენს.
შემდეგი ჯგუფი – მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები. საერთო რაოდენობა 2,6 ათასი ადამიანი, ჯგუფის მოცვის სამიზნე — 60% ანუ 1,5 ათასზე მეტი ადამიანი.
მესამე ჯგუფი 75 წელს ზემოთ პირები – ჯამური რაოდენობა 228 ათასზე მეტი ადამიანი, მოცვის სამიზნე (60%) 136 ათასზე მეტი ადამიანი.
მეოთხე ჯგუფი – 65–დან 74 წლამდე პირები. ჯამური რაოდენობა 329 ათასზე მეტი ადამიანი, მოცვის სამიზნე 197,5 ათასი ადამიანი.
მეხუთე ჯგუფი – მომსახურების სფეროში დასაქმებული პირები, რომელთა ჯამური რაოდენობა 180,3 ათას ადამიანს შეადგენს. მოცვის სამიზნე 108,2 ათასი ადამიანი.
მეექვსე ჯგუფი – 55–დან 64 წლის ასაკობრივი კატეგორიის პირები. ჯამური რაოდენობა 478,4 ათასი ადამიანი, მოცვის სამიზნე 287 ათასი ადამიანი.
მეშვიდე ჯგუფი – ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები – ჯამური რაოდენობა 89,4 ათასი ადამიანი, ვაქცინაციას დაქვემდებარებული კონტინგენტის საერთო რაოდენობა 53,6 ათასი ადამიანია.
საქართველოს მოსახლეობის დანარჩენი ჯგუფი 1,4 მლნ ადამიანს შეადგენს – მოცვის სამიზე 860,7 ათასი ადამიანი.
მთლიანობაში პოტენციურად ვაქცინირებული კონტინგენტის ჯამური მოცვა დაახლოებით 1,6 მლნ ადამიანს შეადგენს, რაც ზრდასრული მოსახლეობის (2,8 მლნ) 60%-მდეა.
2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, ქვეყნის მოსახლეობა 3,731 მლნ ადამიანს შეადგენს.