საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

ეს იქნება 2021 წელს სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მეთაური შეხვედრებს გამართავს მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებთან.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან.

კერძოდ, პრეზიდენტი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ასევე დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ნატო–საქართველოს კომისიის მუშაობაში.