თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ყველაზე სერიოზული ფაქტორი, რომელიც იმუნიტეტის განმტკიცებას აფერხებს — ეს ჭარბი სისუფთავეა, წერს ცნობილი უკრაინელი ექიმი, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, შესაძლოა ყველამ არ იცის, მაგრამ მეცნიერებისთვის უკვე ნათელია, რომ თანამედროვეობის უდიდესი პრობლემა — ეს უმაღლესი სისუფთავეა.
„ევოლუციური თვალსაზრისით, ჩვენ პრაქტიკულად სტერილურ პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილების იმუნური სისტემა ნორმალურად ვერ ვითარდება, ვინაიდან ისინი დაბადებისთანავე პრაქტიკულად სტერილურ გარემოში ხვდებიან: ყველაფერი ირეცხება, იხარშება, ძალიან ხშირად სტერილდება“, — ამბობს ექიმი.
კომაროვსკის თქმით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კორონავირუსის პირობებში, როცა გარშემო ყველგან სანიტაიზერები, დეზინფექტორები, ქლორი და ულტრაიისფერი გამოსხივებაა, ჩვენ კიდევ მეტად სტერილურპირობებში ვაქცევთ ბავშვებს. ამიტომ ადამიანის იმუნური სისტემა, რომელიც ყოველდღიურად უნდა ხვდებოდეს „მილიარდობით ბაქტერიას, მხოლოდ მილიონობითს ხვდება“.
- „შედეგად, იმუნური სისტემა ცდილობს მოედოს ყველაფერს, რაც თუნდაც ოდნავ ჰგავს ბაქტერიებსა თუ ვირუსებს. ამიტომაც გვაქვს ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების საშინელი აფეთქებები“, — განმარტა პედიატრმა.
ცნობილი ექიმი პრობლემის მოგვარების გზას ბავშვებისთვის საკვების სახით ისეთი მიკროორგანიზმების დამატებით მიცემაში ხედავს, რომლებიც სახიფათო არ არის ორგანიზმისთვის და იმუნურ სისტემას ავარჯიშებს.
კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკის უფრო საიმედო მეთოდი — ეს არის არა რძემჟავა ბაქტერიები, არამედ მრავალფეროვანი კვება, სტერილურობის არარსებობა, ბავშვის ძალით გამოკვებაზე უარის თქმა — როცა მას არ შია, და ასევე ფიზიკური აქტივობა, რის შემდეგაც ბავშვიც და ზრდასრულიც აუცილებლად მოდის მადაზე.
თუმცა, როგორც სპეციალისტი ამბობს, თუ ზემოთ ჩამოთვლილს რძემჟავა პროდუქტებს — იოგურტებს, კეფირებსა და მაწონს დავამატებთ, ნამდვილად დიდ სარგებელს მივიღებთ.