თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ორდღიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან ამ დრომდე აკრძალული იყო. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო.
დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის კვლავ აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.