ეს ყვავილების ქოთნები და არა ნაგვის ურნებია – კალაძე ახალი დიზაინის სკამებთან დაკავშირებით

დედაქალაქის მერმა ახალგაზრდა დიზაინერებს ორიგინალური პროექტისა და ქალაქის სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ დასასვენებელ სკამებში  არა ნაგვის ურნები, არამედ ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით კომენტარისას. 

თბილისის მერიამ 2021 წლის მუშაობის პრიორიტეტები განსაზღვრა

 „გუშინ მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ცხადია,  ეს მიზანმიმართულად ხდებოდა. ავრცელებენ გოგებაშვილის ქუჩაზე გადაღებულ ფოტომასალას და ადანაშაულებენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს, მერიას, რომ თურმე,  საერთოდ რაზე ვფიქრობთ და რა პროექტებს ვახორციელებთ. საუბარი იყო იმაზე, თითქოს,  სკამებში ჩავდგით სანაგვე ურნები. ეს არასწორია“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ იგი ორი ახალგაზრდის კერძო პროექტია.

ახალგაზრდებმა  გოგებაშვილის ქუჩაზე კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღეს  ფართი, სადაც რესტორნის გახსნას გეგმავენ. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. რესტორნის გახსნამდე კი  მათ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა განიძრახეს – განათავსეს სკამები, რომლებზეც ჩამონტაჟებულია ქოთნები. ვიდრე  აღნიშნულ ქოთნებში ყვავილები ჩაირგვება, რიგითი მოქალაქეები მათ სანაგვე ურნებად იყენებენ, დასძინა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, როდესაც სამუშაოები დასრულდება, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული სკამები სათანადო იერს მიიღებენ.