თბილისის მერიამ 2021 წლის მუშაობის პრიორიტეტები განსაზღვრა

დედაქალაქის მერიის პრიორიტეტულ სამუშაოებს შორის წელს იქნება სოციალურ–ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტი და ეკოლოგია.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. თბილისის მერიის მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები 2021 წელს სოციალურ–ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მილიარდ ლარზე მეტი – რას მოხმარდება თბილისის ბიუჯეტის თანხები>>

კალაძემ აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია განსაკუთრებული ყურადღების დათმობა დედაქალაქის ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკისთვის.

„ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი გამოიყოფა ამ მიმართულებით და 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურული მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ პარკებისა და სკვერების აღდგენითი სამუშაოები წელსაც გაგრძელდება.

საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა: რას მოხმარდება თანხები

„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობა. უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცის შექმნა მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ ბიუჯეტის გეგმა 2020 წელს 96%-ით შეასრულა. იყო გარკვეული პროექტები, რომელთა რეალიზებასაც კორონავირუსის პანდემიამ და „ლოკდაუნმა“ შეუშალა ხელი.

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1,05 მლრდ ლარით განისაზღვრა. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯები 28,9 მლნ-ით მეტია. ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი მოხმარდება მშენებლობას, ინფრასტრუქტურული ობიექტების ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამყარებას, ხოლო ყველაზე ნაკლები – ეკონომიკის განვითარებას.