თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. დიპლომატი საქართველოდან, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით დარჩა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
შესაბამისი გადაწყვეტილება მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე მიიღეს. აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.
პოლოლიკაშვილს ამ თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევა ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.
„ეს საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებაა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველთა მაღალი წარმომადგენლობა გლობალურ საკითხებში საქართველოს აქტიურ ჩართულობას ადასტურებს“, - დაწერა გიორგი გახარიამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. მაშინ მადრიდში გამართულ სესიაზე მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატი საქართველოდან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიეს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) - წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული.
ზურაბ პოლოლიკაშვილი: დაიბადა თბილისში 1977 წლის 12 იანვარს. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი მადრიდში მოიპოვა.
2001-2005 წლებში "TBC ბანკში" წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
2010 წელს პოლოლიკაშვილი კვლავ "TBC ბანკში" დაბრუნდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.
2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" დირექტორი იყო.
2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.