პირველად საქართველოში – ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოეწყობა

მინდვრის საფარის მოწყობას ცნობილი ბრიტანული ბრენდი უზრუნველყოფს. მოედნის ბუნებრივი საფარის მოდერნიზებას კომპანია „ანაგი“ საკუთარი სახსრებით განახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება. ინფორმაციას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.

ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდულ მინდვრის საფარს ბათუმის სტადიონზე მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია SISPITCHES მოაწყობს. აღნიშნულ საერთაშორისო ბრენდს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოს 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორისაა ესპანური „ბარსელონას“ „კამპ ნოუ“ და იტალიის ქალაქ მილანში მდებარე ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი („სან სირო“). აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე SISPITCHES-მა ჰიბრიდული საფარით ექვსი სტადიონის მინდორი მოაწყო.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში განმარტავენ, რომ მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

„სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სტადიონის საფარის მოდერნიზებას ქართული სამშენებლო კომპანია „ანაგი" საკუთარი სახსრებით განახორციელებს.

გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს, 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.