დავით ზალკალიანი ესპანეთში გაემგზავრა: ვის შეხვდება მინისტრი

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლოლიკაშვილი: რეფორმებმა საქართველო ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი გახადა

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

„საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV-ის სახელით და მასთან შეხვედრა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახელით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2017 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს. UNWTO-ს სესიაზე, რომელიც მადრიდში გაიმართა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურამ ხმების უმრავლესობა მიიღო.