რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის ელჩმა

გიორგი გახარიამ და ფატმა ჯერენ იაზგანმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და სხვადასხვა სფეროში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

გიორგი გახარია სამხრეთის გაზის დერეფნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას აფასებს

„ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თურქეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება. პრემიერის შეფასებით, პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და ამ პროცესში მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე. მთავრობის მეთაურმა და თურქეთის ელჩმა ასევე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომის შესახებ, რომელიც პანდემიის გამო დროებით გადაიდო.

საქართველო და თურქეთი სამედიცინო სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ>>

გიორგი გახარიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას.