ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

პანდემიის პერიოდში ქუჩის მუსიკოსები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. კონცერტი მიზნად ისახავს ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ონლაინრეჟიმში გაიმართება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინა შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ღონისძიება ხაზს უსვამს ორბელიანების სასახლის ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და ბენდი. კონცერტს მაყურებელი პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით უყურებს.