კლინიკების ნაწილი 1 თებერვლიდან მრავალპროფილურ სერვისებს განაახლებს

საქართველოს ჯადაცვის უწყების ვარაუდით, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჰოსპიტლებში სხვა პროფილის პაციენტებისთვის გარკვეული რაოდენობის ადგილების გამოთავისუფლება იქნება შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს კლინიკების ნაწილი 1 თებერვლიდან მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას განაახლებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გაბუნია: საქართველო მზადაა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად

მისი თქმით, შესაძლებელი გახდება 350-მდე საწოლის პანდემიამდე პერიოდის რეჟიმში დაბრუნება და მათი სხვა პაციენტებისთვის გამოყენება.

„თებერვალში საწოლების საკმარისი რაოდენობა იქნება იმისთვის, რათა კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ადგილების გარკვეული რაოდენობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორში დღეს არსებულ ვითარებას, ამ დროისათვის საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთათვის დაახლოებით 3 ათასი საწოლია თავისუფალი.

ქვეყნის კლინიკებში 3.710 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 798 ჟანგბადდამოკიდებულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 230 პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„კარგია, რომ ინტენსიურ თერაპიასა და რეანიმაციულ განყოფილებებში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. პაციენტების რაოდენობა შემცირდა ასევე კოვიდ–სასტუმროებში, სადაც ამ დროისათვის 634 ინფიცირებულია მოთავსებული“, – განაცხადა გაბუნიამ. 

როდის ექნება საქართველოს ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა: მთავრობაში დეტალებს ათანხმებენ

ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში გეგმური ოპერაციების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტამდე წყდება — ზოგი გამონაკლისის დაშვებით. გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა შეჩერებულია გარდა გადაუდებელი ოპერაციებისა, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურებისა.

საქართველოს მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე პერიოდში ორჯერ მიიღო. პირველად მსგავსი გადაწყვეტილება 2020 წლის მარტის ბოლოს მიიღეს. მაშინ საქართველოში ყველა გეგმური ოპერაცია ოთხი თვით გაუქმდა. გამონაკლისი გადაუდებელი ოპერაციები იყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 247 ათას შემთხვევას აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 234 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 2.958 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.